იანვარი 21, 2021
უგუნურობის დიდი სამდურავი – ანუ ვირუსი ჩვენებურად

უგუნურობის დიდი სამდურავი – ანუ ვირუსი ჩვენებურად

ორთვე-ნახევარია ამ საშინელი წლის დასრულებამდე დარჩენილი. ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი – რაც კი გამოგვივლია წინა თვეების განმავლობაში.

ჩემ ირგვლივ ხალხი ორ კატეგორიად იყოფა: ან ღელავენ/ზრუნავენ გარკვეულწილად; ან ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. ეს უკანასკნელნი ძალიან მაღიზიანებს. შეგონების მიუხედავად ყურში არაფერი შესდით და, ბუნებრივია, ტვინამდეც ვერ აღწევს ვერაფერი. ან არ სურთ, გაიგონ ამ ვერაგი დაავადების სიმძიმე, ან ვერ იგებენ. ბოლო ერთი თვეა ქადაგად ვიქეცი და ყველასთან მიწევს გამეორება, რომ Covid19 იმ დაავადებებს ამწვავებს, რომლებმაც შესაძლოა ადამიანები წლობით აცოცხლოს.

გუშინ ვინმე ვარშალომიძის მამა გარდაიცვალა „კოვიდით“. ინსულტი გამოუწვევია ვირუსს და კომენტარებში ერთი ღლიცინი ედგათ, კორონას კი არა, ინსულტს მოუკვლიაო. კი, ძალიან ცოტა ადამიანი იმსხვერპლა უშუალოდ ვირუსმა, დანარჩენი მილიონი – მისგან გამოწვეულმა დაავადებებმა შეიწირა და რომ არა ვირუსი, ისინი დღეს ცოცხლები იქნებოდნენ.

ერთმა მიპასუხა, ამ ყველაფერს ნუ ამბობ, ხალხი იზაფრებაო. გამეცინა. ისიც მითხრეს, „შეაყარე კედელს ცერცვიო“, მაგრამ იქნებ რომელიმე მცდელობაზე მაინც გაიგოს ყველამ თუ არა, უმცირესობამ მაინც.

გუშინ საღამოს ბათუმის კადრებმა მადინა სისხლი თვალებიდან. რომელი დისტანცია?! რა პირბადე?! რის თავის გაფრთხილება?! – რაღაც სიტუაციებს ხომ აქვს გამართლება. ამ „შეხვედრას“ გამართლება ვერ მოვუძებნე.

რა აზრი აქვს საღამოს 10-ის შემდეგ შეზღუდვებს, თუ 10-მდე ტაქსით მგზავრობისას მძღოლს ნიღაბი ნიკაპზე უკეთია და ჩემს თხოვნაზე – იქნებ პირბადე გაიკეთოთ – მპასუხობს „ნეტა შენო!“.
რა აზრი აქვს ზომების გამკაცრებას, თუ ფარმაცევტს ნიღბიდან ცხვირი კუტუსავით გადმოუყვია და ყელზე ჩამოწეულ ნიღბიან მომხმარებლებს შენიშვნას არ მისცემს?!
საერთოდ რა აზრი აქვს ამ ბალ-მასკარადს – მსოფლიოში რაც ხდება და რა აზრი ჰქონდა იმ აპლოდისმენტს, მარტში ექიმებს რომ ვუკარით აივნებიდან – სამ-ნახევარი პაციენტის მოვლისათვის.

დღეს 400-მდე შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, ის, რაც ვიცით და რაც ჯერ არ შესულა სტატისტიკაში, ალბათ, ნახევარი მაგდენი კიდევ იქნება.
მე და ჩემმა კერძო მოსწავლეებმა დისტანციურ რეჟიმში გადავინაცვლეთ და იმედს ვიტოვებ, მალე დავუბრუნდებით შეხვედრებს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე და მათზე არ არის დამოკიდებული, თქვენზეცაა! დიახ, შენზეა დამოკიდებული ყველაფერი!

და ეკონომიკასაც კიდევ უფრო მეტად ეტირება დედა, რაც უფრო მეტი ასეთი ტაქსისტი, ფარმაცევტი და მომიტინგე ეყოლება ქვეყანას.