იანვარი 16, 2021
წლისა და 10 თვის ტრიო

წლისა და 10 თვის ტრიო

ჩვენი ტრიო სრულყოფილად ზუსტად ერთი წლისა და 10 თვის წინ შედგა.

სანამ ორი წლის საიუბილეო პოსტს დავწერდე, არ მინდა, ახლანდელი ამბები მიმავიწყდეს. ბოლო პერიოდში ისე სწრაფად ვითარდება ნიკოლოზი, ვერც ვასწრებ ხოლმე დამახსოვრებას, რა ისწავლა.

თითქმის ჩემს ნათქვამ ყველა სიტყვას იმეორებს – ზოგს დამახინჯებით, ბუნებრივია, თუმცა ალაპარაკების მცდელობა წარმატებით მიმდინარეობს. დღეს დილას ჯერ კიდევ მწოლიარე დათას მიეჭრა, მოქაჩა და უბრძანა: “ტამო, ბიტო!” გუშინწინ კობას ეძახდა: “ბიტო, პაპა!” ეს “ბიჭო” ნანაკოსგან აითვისა.

რუსოს ნასწავლი “მინანა” (მიყვარხარ) აქტიურ როლს არ ასრულებს ნიკოლოზის ცხოვრებაში, მაგრამ თუ დაიმსახურე და გითხრა, ე.ი. ძალიან გულწრფელია!

ვოდი (მოდი), ვანქანა (მანქანა), thე (მზე), თაიე (მთვარე), გინგინ (წიგნი), დანანა (დენი, სინათლე), ვეი – პუი (ყველი და პური), ბატატა (ფეხსაცმელი), ცხოველების სახელები, ფერები, ქაფოქიქი (კარტოფილი), კიკიკო/ლილიკო (ყიყლიყო), კაპკაპ (ბანაობა/წვიმა), გოგო/ბიწი, მნამნა (საჭმელი), ნტანტა (წყალი), ლობია (ლობიო) … ეს ნიკოლოზის სიტყვების მცირე ჩამონათვალია.

შუადღის ძილის წინ აუცილებლად ვკითხულობთ ლექსებს – “დუმბაძის”, ნახატების მიხედვით აქვს უმეტესობა ამოჩემებული და მარტო იმათ მაკითხებს ხოლმე. მჯერა, რომ ერთ დღესაც ყველა ზეპირად ეცოდინება.

გაღვიძების შემდეგ ერთად ვთამაშობთ – ხან მანქანებით, ხან კუბებით, ბურთით… ძალიან უყვარს “ზირაფი ზოზეს” სიმღერები და “ლოკო-მოკოს” ამბები. ხან თითო სერიას ვუყურებთ და ვხატავთ ან განვიხილავთ, რას ვუყურეთ.

თამაშის შემდეგ შემეცნებითი საღამოები გვაქვს – ამ ბოლო დროს ილუსტრირებული ლექსიკონი და კოსმოსის ენციკლოპედია ამოვიჩემეთ დასათვალიერებლად. ლექსიკონში ყველა ის სიტყვაა დასურათებული, რაც ყოველდღიური საუბარისას გჭირდება და ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ წიგნის თვალიერებამ ნიკოლოზის ლექსიკის გამდიდრებაში. კოსმოსის წიგნს რამდენიმე დღეა დავუმეგობრდით, პლანეტებიც ვისწავლეთ, განსაკუთრებით გამოსდის იუპიტერის გამოთქმა – “იპუტიტუტი”. : )) ვფიქრობ, 2 წლამდე პატარ-პატარა ზღაპრებსაც დავიწყებთ, ჯერ ნებისყოფა არ ჰყოფნის, თითოეულ გვერდზე დიდხანს შევჩერდეთ.

ძილის წინ მამიკო მოგვისწრებს ხოლმე. ეს ყველაზე კარგი მომენტია ორივეს მთელი დღის მომენტებს შორის. მერე ერთად ვგორდებით ბალიშებზე და ხან საუბრის უნარდაკარგულები მხოლოდ შევყურებთ, როგორ გვემაიმუნება უშრეტი ენერგიის მქონე ნიკოლოზი.