იანვარი 21, 2021
შემოდგომის პირველი დღე – ანუ ჩვენი ახალი წელი

შემოდგომის პირველი დღე – ანუ ჩვენი ახალი წელი

შემოდგომის პირველი დღეა. უკვე აგრილდა კიდეც. სამივეზე მეტად მიყვარს ეს სეზონი, ყველაზე შემოქმედებითი და ბედნიერი ვარ ამ დროს, სხეულის ყველა უჯრედით ვგრძნობ სიხარულს, სიყვარულსა და ვეებერთელა ენერგიას. დათასაც უყვარს ეს პერიოდი. ასოციაციებითაც ზუსტად ერთნაირი დამოკიდებულება გვქონია ხუთი წლის წინაც და ახლაც ასე ვართ – წუხელ, 12–ზე ჩვენი ახალი წელი დაიწყო. შეიძლება, გასაკვირია, რა უნდა მოიაზრებოდეს ზაფხულის მიწურულს ახალ წელში, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერია – ახალი შემართება, ახალი ძალა გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად, მეტი მოტივაციაც იმიტომ, რომ ჩვენთვის დროის ათვლა ცხოვრების ახალი საფეხურებისთვის ახლა იწყება.

ყველაფერს ემატება ისიც, რომ 15–ში ჩვენი გაცნობის დღეა, ამ პერიოდში თავდაპირველი ყვეელა ემოცია მიახლდება და ხელახლა მიყვარდება. მიჭირს ხოლმე, ავხსნა, ჰაერის ზაფხულისგან განსხვავებული სურნელიც კი მოგონებებში როგორ მაბრუნებს.

თსუ–ის შიდა ეზოში, ბოლო, მარჯვენა განაპირა სკამზე ჩამომჯდარსა და კალთაში დათას თავჩადებულს ბევრჯერ მიფიქრია დღევანდელზე. რამდენჯერ გვიკითხავს ერთმანეთისთვის, ნეტა ხუთი წლის მერე რა იქნებაო?! მერე აგვიყოლებია ფიქრები და ნატვრები ერთმანეთზე, თუმცა ვერც კი ვიფიქრებდით, ვერც კი ვიოცნებებდით ჩვენს დღევანდელობაზე მაშინ. წელს ჩვენთან ნიკოლოზისსურნელიანი ახალი წელი რომ მოვიდა…

ახლაც ხშირად ვსვამთ ამ კითხვას, მაგრამ, ალბათ, წარმოდგენაც არ გვაქვს მომავალზე. ვსხედვართ, ვგეგმავთ, ვფუსფუსებთ, ვდარდობთ, ვტკბებით, ვასრულებთ და, მგონი, სწორედ ეს მცდელობები გვიფასდება… ერთად აღურაცხელ ენერგიას ვფლობთ და არც ვუშვებთ, რომ ეს ტკბილზე ტკბილი შემოდგომა და სიმბოლური 2020 საოცრებებს ვერ მოახდენს.

ყველას, უკლებლივ ყველას გილოცავთ ჩვენს ახალ წელს და დარწმუნებით გვჯერა, რომ რასაც გულით ისურვებთ, აუცილებლად გამოდის!