იანვარი 16, 2021
„საახალწლო ბავშვის“ მოლოდინი – ფინალური დღეები

„საახალწლო ბავშვის“ მოლოდინი – ფინალური დღეები

მოლოდინი და მღელვარება იმატებს. 20 დეკემბერიც მიილია. ჩვენს შეხვედრამდე საათების დათვლაც კი შეიძლება უკვე. ვატყობ, რომ სარკეებში ფოტოების გადაღებას მოვუხშირე. არადა, დიდად არასდროს მხიბლავდა. უბრალოდ მინდა, რომ ბევრი კადრი შემოვინახო ჩვენი ამ მდგომარეობით. ყოველ დილით რამდენიმე ძვირფასი ადამიანისგან შეტყობინებას ვიღებ: „4 დღე დარჩა… 3 დღე დარჩა…“; დათას ხელებსაც ვგრძნობ მუცელზე დილაობით. ხან მგონია, რომ ჩემზე მეტად გელის ყველა, იმიტომ, რომ ვერც კი „გაცნობიერებ“ ჯერ კიდევ.

მეუბნებიან, დაინახავ თუ არა, ყველაფერი თავდაყირა დადგებაო. მის გარეშე ვეღარ გაძლებო. მზრუნველობის სურვილი, ყურადღების უნარი და რეფლექსები გაგიასმაგდებაო. რას აღარ მეუბნებიან… მე კი მგონია, რომ პირდაპირ დიდ ადამიანს გაჩენ, რომელსაც ჩამოყალიბებული სურვილები, მიზნები და გრძნობები ექნება. მერე რა, თუ ფიზიკურად პატარა იქნები, ეგ არც არაფერს ცვლის.

ზამთრის ერთი მშვიდი და სუსხიანი საღამოა ახლა. დათა სამსახურშია, გვიან დაბრუნდება. მე დრო გამყავს და წერას შევუდექი. თან მინდა, რომ ერთ სივრცეში შემოვინახო ახლანდელი ყველანაირი ამბავი და ემოცია.

ორშაბათს, 24 დეკემბერს, დილის 9 საათზე ჩაჩავას კლინიკაში მივალთ და საათ-ნახევარში მთავარი ამბები დასრულდება. გადავწყვიტეთ, ექიმად ზურა დარახველიძე აგვეყვანა. მომდევნო შთაბეჭდილებებსაც აუცილებლად დავწერ.

მაგის გარდა, დათა დამცინის, მშობიარობის წინა დღესაც რომ ვმუშაობ, მაგრამ სახლში გულხელდაკრეფილ ჯდომას მილიონჯერ მირჩევნია – საქმეებს რომ თავი დავანებო, დრო მაინც გავა სწრაფად. ჰოდა, ამ სამ დღეში ბევრი რამ მაქვს მოსასწრები: პირადი ნივთები თავმოსაყრელი; შეხვედრამდე შენთვის განკუთვნილ დღიურში ბოლო წერილი ჩასაწერი; წლევანდელი აბიტურიენტების არდადეგები დასაგეგმი და დავალებები – ჩამოსარიგებელი;

29-ში უკვე სახლში ვიქნებით და თუ მანამდე არა, 31-მდე მაინც დავწერ წლის შემაჯამებელ პოსტს. 2019-ის სურვილებსაც ჩამოვაწიკწიკებ და, აბა, შენ იცი, სანტა!

წელს ნამდვილად ძალიან კარგი გოგო-ბიჭები ვიყავით!