იანვარი 21, 2021
რვავე სიცოცხლე

რვავე სიცოცხლე

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ბლოგის ფანჯარა პირველად გავხსენი. ჩემს ცხოვრებაში რა და როგორ ხდება, ამაზე ყოველთვის მინდა, ვწერო. ერთ დღესაც ყელში ამომივა აქაური დუმილი და ყველაფერს დაწვრილებით გაგიზიარებთ, მაგრამ ახლა სულ სხვა რამემ მომიყვანა აქამდე –

წეღან წიგნი დავასრულე. ცხოვრების წიგნი. ისტორიის წიგნი. ნინო ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლე“. არ ვიცი, მადლიერი უნდა ვიყო თუ არა ჩემი შვილისა და პროფესიული საქმიანობის, რომ 2 ან 3 დღეში ვერ ჩავაბულბულე და ფსიქოლოგიური შოკი ვერ მივიღე ამხელა უცაბედი ემოციისგან, მაგრამ ფაქტი ერთია – გამოზოგილი, გამოზომილი, ლუკმა-ლუკმა კითხვით უუუუუუზარმაზარი ლიტერატურული ფოიერვერკი შევიგრძენი.

ყოველდღე, ძირითადად ნიკოლოზის დაძინებისას ვსტუმრობდი გასულ საუკუნეს, იმ წითელ საუკუნეს, რომელშიც ზუსტად ის ადამიანები ცხოვრობენ, მთელი იმ პერიოდის მარწუხებმა მათზე რომ გადაიარა. და არამარტო მათზე. ჩვენზე, ყველაზე. ვკითხულობდი მონაკვეთებს და თითოეული პერსონაჟი ჩემი წინაპარიც იყო… მეც იმ ხალიჩის ნაწილი ვიყავი!

და ცხელი შოკოლადი – მთელი ნაწარმოების რეფრენი, რომლის გემოც არასდროს, აარასდროს დამავიწყდება!

არ ვიცი, ვისაც ჯერ წაკითხული არ აქვს, რას ელოდებით, მაგრამ ვინც უკვე იგემა ამ წიგნით გამოწვეული „სიმწარე“, ვინც უკვე იზლუქუნა იმ რამდენიმე ეპიზოდზე, ამ პოსტის კითხვისას რომ ამოგიტივტივდათ გონებაში, ყველაზე კარგად გამიგებთ, ამწუთას რას ვგრძნობ.

ჩემს ცხოვრებაში პირველი ამხელა ტექსტია, რომელიც „ქინდლისა“ და „საბას“ დახმარებით წავიკითხე. აქამდე მეგონა, რომ ეკრანი ვერ შემაგრძნობინებდა იმ სიამოვნებას, რაც ნაწარმოებს ერთვის ხოლმე, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი. არაფრით, აარაფრით განსხვავდება ფურცელი ქინდლისგან მაშინ, როცა წინ გიდევს წიგნი ასეთი სიუჟეტით.

შინაარსსა და თითოეულ პერსონაჟზე საუბარს აღარ მოვყვები, მიაქვს ინტერნეტი ზღვა ინფორმაციას ამ ტექსტის რეცენზიებითა და რეკომენდაციებით, მაგრამ მინდოდა, ჩემი გრძნობები აქ, ამ ბლოგზე მომემწყვდია, რომ არ გამფრენოდნენ, არ გამფანტვოდნენ და გამუფერულებოდნენ.

kanarioust@gmail.com

ეს ჩემი მეილია. კითხვისას ხან ვის მივვარდებოდი ხოლმე და ხან – ვის, შთაბეჭდილებებს რომ არ გავეგიჟებინე. შეგიძლიათ, თქვენი ემოციები ამ მეილზე ნებისმიერ დროს გამიზიაროთ.

ძალიან გამიხარდება!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *