იანვარი 16, 2021
როგორ იძინებს ნიკოლოზი – ორი სიტყვა „თეთრი ხმაურის“ შესახებ

როგორ იძინებს ნიკოლოზი – ორი სიტყვა „თეთრი ხმაურის“ შესახებ

შეიძლება, ეს პოსტი ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, შეიძლება – ვინმემ თქვას, ახალი წერე, ეგ ხომ ისედაც ვიცითო… შეიძლება, ზოგს სასაცილოდ არ ეყოს, რა სისულელეებს ბჟუტურებს ეს გოგოო, მაგრამ მაინც უნდა მოგიყვეთ…

ძალიან მეშინოდა „გენეტიკური ძლიერებისა“. მეც და დათაც რთულად აღსაზრდელი ბავშვები ვყოფილვართ, თან ზუსტად ერთნაირი ამბებს ჰყვებიან ჩვენზე, ორივეზე, როგორ გვეყენა ფეხზე მთელი ოჯახი, როგორ ვათენებინებდით ღამეებს ყველას, ხელიდან ხელში გადავდიოდით. მილიონჯერ გვიმღეროდნენ ბასტი-ბუბუს „ქავერს“ – „ვარსკვლავებს ეძინება“ და ა.შ. რაღა ბევრი გავაგრძელო და შიშის ზარს მცემდა მოლოდინი ნიკოლოზის ხასიათისა. თუმცა დედაჩემისგან (და არა მარტო) ხშირად მესმოდა და ძალიან მჯეროდა იმის, რომ მშვიდი ორსულობის შემთხვევაში – ნერვს თუ არაფერზე შევიტოკებდი და განცხრომით გავატარებდი 9 თვეს, ბავშვიც მშვიდი იქნებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ რჩევამ გენეტიკაც კი დაჯაბნა და ძალიან გაწონასწორებული ბავშვი გამოდგა ჩვენი ლურჯთვალა. შეიძლება, არც ჩემი მსჯელობაა მართებული და არაფერი მოქმედებს ინდივიდუალური შემთხვევების დროს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

ნიკოლოზის გამო სულ ორჯერ გვაქვს მე და დათას ღამე გათენებული. აქედან ერთხელ მუცელი აწუხებდა, მეორედ – უბრალოდ დღე-ღამე აერია. პერიოდული წამოტირებები უფრო ხშირად ჰქონდა პირველი ორი კვირის განმავლობაში. სულ ინტერნეტში ვიჯექი და ვეძებდი, რას აკეთებდნენ ასეთი შემთხვევების დროს. ზოგი წერდა თბილი ზეწარი მოახვიეთ მუცელზეო, ზოგი წერდა ცხელი აბაზანა უშველისო, ზოგი გაზგამყვანს ურჩევდა გატანჯულ დედებს (რომლის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ), ზოგი წრიულ მასაჟს ანიჭებდა უპირატესობას. ერთ საღამოს კი მეტად უცნაურ რამეს წავაწყდით. აქამდე არც გაგვეგო ვინმესგან და არც არავის გაუკეთებია ჩვენ გარშემო.

ერთი დედა ყვებოდა, სამი ფენი გადავწვი ბავშვის დასამშვიდებლადო. თავიდან ვიფიქრე, ალბათ, თბილ ჰაერს მუცლისკენ მიმართავენ და ამშვიდებს-მეთქი. მერე კომენტარებს ჩავუყევი. ვიღაცები გაკვირვებულები იყვნენ ჩემსავით, ვიღაცები წერდნენ, უი, რა კარგად გაგვახსენეო… ერთი წერდა სიცილით – რა გადაწვი, Youtube მიაქვს მაგ ხმებსო. მივხვდი, რომ ჰაერნაკადი არაფერ შუაში იყო. შევვარდი ძიების ველში, სასწრაფოდ ავკრიფე Hairdryer for babies და უამრავი ვიდეო ამოყარა – საათიანი, ორსაათიანი, ძლიერი ხმით, ნაკლებად ძლიერით… ქვეყნის არჩევანი იყო.

მერე უცხოენოვანი სტატიები მოვიძიე. აღმოჩნდა, რომ მსგავს ხმებს, როგორებიცაა ფენი, მტვერსასრუტი, ბლენდერი, წვიმის, ზღვის, გაფუჭებული ტელევიზორის ხმა – „თეთრი ხმაური“ ჰქვია ფსიქოლოგიაში. ძირითადად, ჩვილების დასამშვიდებლად მიმართავენ ხოლმე, თუმცა დიდების გარკვეულ ნაწილსაც ამშვიდებს. ასოციაციურად ბავშვი მუცლადყოფნის ხმებს უკავშირებს და სწორედ ამის წარმოდგენით მშვიდდება. ცოტა გაოგნებული ვიყავი, მაგრამ მერე გამახსენდა – ბავშვის დაძინების/დამშვიდების დროს რამდენჯერ გითქვამთ გაუცნობიერებლად „ჩშ ჩშ ჩშშ“? ツ

ძალიან კარგად იმოქმედა ნიკოლოზზე. ერთ საღამოს, როცა უხასიათოდ იყო, მე და დათამ ამ მეთოდის დატესტვა გადავწტვიტეთ. როგორც კი ჩავრთეთ ხმა და მოუსმინა, წამიერად მოდუნდა, დამშვიდდა და სულ მალე მიეძინა. მერე მთელი ოჯახი ფენის ხმაზე ვიძინებდით ხოლმე. ტელეფონებს მორიგეობით ვტენიდით, რომ მთელი ღამით ყოფილიყო ეს ხმა ჩართული. ახლაც ვიცით ხოლმე გახსენება, ოღონდ ძალიან იშვიათ და განსაკუთრებულ შემთხვევებში.

მგონია, რომ ფსიქოლოგიური აუღელვებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. მგონია, რომ ზოგჯერ მარტივი და ეფექტური გამოსავალი მთელი ცხოვრების სიმშვიდის საწინდარი შეიძლება გახდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *