ფეისბუქის სქროლვისას ურუშას გაზიარებულ მუსიკას რომ წააწყდები და მიხვდები, რომ ბლოგზე წერას მოუხდება – ეგ ემოცია მოიტანა ამ მელოდიამ. ამასობაში, ნიკოლოზის ამბებს გავაგრძელებ…

I ნაწილი იხილეთ აქ.

24 დეკემბერი, 11:25 წუთი, გაურკვევლობა. ბედნიერება. ხშირი სუნთქვა.
ვეღარც ვგრძნობდი, რას მიკეთებდნენ მუცელზე. ყურებში პაწაწინა კნუტის ხმასავით ჩამესმოდა ვიღაცის კნავილი. ამნეზიამ რომ შემომიტიოს, ალბათ, ეგ ხმა მაინც ყოველთვის მემახსოვრება. რას ვარქმევთო? – მკითხეს. ნიკოლოზს-მეთქი, – ამაყად ვუპასუხე ბავშვობიდან ნაოცნებარი სახელი. ერთი სული მქონდა, კიდევ დამენახა. ერთი სული მქონდა, შევხებოდი.

ნინო ეგუტიძემ მომიყვანა. უკვე ჩაცმულ-დახურული, უცნაურად ახამხამებდა თვალებს, ეღვიძა. გულზე ვერ დამაწვინეს, „ფარდა“ მქონდა ჩამოფარებული. სამაგიეროდ, ლოყა ლოყაზე მოადებინა და რამდენიმე წამით ასე დაგვტოვა. არ მახსოვს, საერთოდ ვსუნთქავდი თუ არა მაგ მომენტში.

პირველი დღიდან 2,5 თვემდე.

ჭრილობა რომ დაამუშავეს, პალატამდე, მოსაცდელ ოთახში გადაგვიყვანეს. ნიკოლოზი უკვე ჩემთან იყო. ცდილობდა, ეჭამა, თუმცა, მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ იყო პროცესით. ფეხებში მგრძნობელობა ნელა, მაგრამ მიბრუნდებოდა. დაახლოებით 2 საათი დავყავით იმ ოთახში, მერე მოვიდნენ და პალატაში უნდა გაგაგოროთო.

მწოლიარე მდგომარეობაში ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, კლინიკის რომელ ფლიგელში, რომელ სართულზე. ვერაფერს ვალაგებდი გონებაში. ყველაზე მეტად გამიხარდა, ნაცნობი სახეები რომ დავინახე – დათა, ნანაკო, მარიკა, ინგა, დაჩი, შოკო, თემო… დერეფანში ამოსულიყვნენ და სანამ პალატაში შემიყვანდნენ, გვიცდიდნენ. დათა დაბნეული იყო, დაღლილი და ოდნავ ფერწასული სახე ჰქონდა, ინგა ფოტოებს გვიღებდა, მარიკა მეკითხებოდა, ფეხებს ხომ გრძნობო?! ツ

პალატაში საოცარი გოგო დამხვდა – ნათია, უსაყვარლეს თომასთან ერთად. ცოტა მოშინაურებული იყო, ჩემთან შედარებით. მიმასპინძლა (ისე, თუ თქვენთან ერთად ვერავინ დარჩება ის რამდენიმე დღე სამშობიაროში, აჯობებს, ორადგილიანი პალატა აიღოთ, საუბარში მაინც გაიყვანთ დროს და არ გამოყრუვდებით). ის დღე ცოტა სწრაფად გავიდა. ნიკოლოზმა ბუნებრივი კვება არ იკადრა და ხელოვნური საკვების მიცემა დასჭირდა პირველ დღესვე.

1 დღის.

საღამოს, 10-ის ნახევარზე ოთახში თავი შემოყო ექთანმა. სალომე, მოემზადე, ნახევარ საათში უნდა აგაყენოთო. აი, მანდ მივხვდი, რომ კარგი დღე არ მელოდა. ツ უკიდეგანოდ გაიწელა ის ნახევარი საათი. ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდნენ. ნათია მამხნევებდა, შეძლებო. ფეხი რომ ჩამოვდგი საწოლიდან, მეგონა, გამომეცლებოდა იატაკი, მაგრამ პირველი ნაბიჯი რომ გადავდგი, მთელი ენერგია მოვიკრიბე – მეორესთვის. საპირფარეშოშიც კი შევედი სულ ჩემით, თუმცა უსაშინლესი შეგრძნება ყოფილა საკეისროიანისთვის პირველი საღამო. ფიზიოლოგიურ მშობიარობას თუ გადაურჩები და „ვაის“ გაეყრები, საკეისრო ნამდვილად „ვუია“. პირველის შემთხვევაში თუ მშობიარობის პროცესამდეა საშინელი ტკივილი, ამ დროს – მშობიარობის შემდეგ.

როგორც იქნა, მოვბობღდი ისევ საწოლამდე – ზარმაცი კუც კი გამასწრებდა, მაგრამ ამაყი ვიყავი საკუთარი თავით, რომ შევძელი.

იმ ღამით ჩემთან იყო ნიკოლოზი. მთელი ღამე გულზე მეწვა და ხმამაღლა კრუტუნებდა.

II ნაწილის დასასრული.

ბონუსად ვტვირთავ 2 დღის ნიკოლოზის ვიდეოს.

Previous post ცივი ყავა და მშობიარობის ამბები – I
Next post ნიკოლოზი მაშინ და დღეს – III ნაწილი