ორშაბათი თენდება უკვე. ექვსი ორშაბათიღა დარჩა და 2019 წელიც აიკრავს გუდა-ნაბადს. ასე სწრაფად, მგონი, არცერთი წელი არ გასულა. ამ ექვს კვირაში ბევრი რაღაცის მოსწრება გვინდა მე და დათას. მოქსოვილ ნაწილს რომ დაშლი, დაკლანილ ძაფს გაასწორებ და ხელახლა შეუდგები ქსოვას იმავე მასალით, დაახლოებით ეგეთი ერთი წელი გვაქვს. სანამ 2020 დადგება (საოცრად მომწონს ეს წელი, ბევრი სიახლე უნდა მოიტანოს, ასე დავაბარე), ქსოვა უნდა დავამთავროთ და გაფორმებაზე გადავიდეთ.

ყველაფერს ვასწრებთ, რაც ბავშვსა და კარიერას ეხება. მეგობრების უნახავობა მაწუხებს მხოლოდ, მაგრამ, წესით, ეგეც უნდა გამოსწორდეს.

გუშინ ვფიქრობდი, ხომ არიან ადამიანები, სხვა ადამიანებს ყოველდღიურ სისულელეებს რომ სწერენ. დღეს ეს ეწყინა, ის გაუხარდა, ეს გააკეთა, ის გამოუვიდა, ამას აპირებს – მივხვდი, რომ ასეთ ადამიანად მე დათა შემრჩა და დათას – მე. ირგვლივ კი გვყავს ისეთი ხალხი, რომელთა წრეშიც თავს კარგად ვგრძნობთ, ვერთობით, მათთან ყოფნა გვიხარია, მათი კარგი ამბები გვაბედნიერებს, მაგრამ თითოეულ წუთს რას ვაკეთებთ და მომდევნო წუთში რას ვაპირებთ, მხოლოდ ერთმანეთზე ვიცით.

რომ დავფიქრდი, ცოტა მეუცნაურა ეს ფაქტი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო არ არის. ცხოვრებაც გვიდასტურებს, რომ ის ერთი გვყავს ნაპოვნი, მარტო შენთვის რომ დაიბადა…

ამ ბოლო დროს დათასაც ვერ ვნახულობ იმ „რაოდენობით“, მე რომ მჭირდება. თვითონ დილიდან საღამომდე ახალი ამბების ქარცეცხლში ტრიალებს. მე – ჯერ ნიკოლოზთან ვარ და დღის ბოლოდან მოსწავლეებს ვეშველები ცხოვრების აგურების აქეთ-იქით ზიდვაში. ვდგავართ მე და დათა და ახალი შეყვარებულებივით მესიჯობანა გვაქვს მთელი დღე გაჩაღებული. განსაკუთრებული შეგრძნებაა, შეტყობინების მოსვლისას ისევ რომ გიჩქარდება გული, დახედავ და „კარფური“ ახალ აქციებს გამცნობს : )))

მომწონს ჩვენი ცხოვრება. ვიცი, რომ სწორ გზას ვადგავართ. ვიცი, რომ დახარჯული ენერგია ყოველთვის ბრუნდება. ეს დათამაც კარგად იცის.

თქვენ კი – იარეთ მიზნისკენ. დაუღალავად იარეთ და აუცილებლად გამოვა! უპირობოდ გამოვა ყველაფერი!
ბედნიერ და ჩანაფიქრების ასრულებით დახუნძლულ ახალ კვირას გისურვებთ.

ყავითა და ფიქრებით,
კანარიო

Previous post და თქვენი საყვრელი წიგნი რომელია?!
Next post წყალი გამოუშვით, ფარჩაკებო! – ანუ 31 დეკემბრის ამბები