18 მაისს 2 წელი გავიდა, რაც მე და დათამ თანაცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯები გადავდგით. ისე, საოცრად ბევრი ღირსშესანიშნავი თარიღი გვაქვს – 15 სექტემბერი, 18 მაისი, 2 ივნისი, 5 ივნისი, 4 ნოემბერი, 24 დეკემბერი… ერთ დღესაც აუცილებლად მოგიყვებით ჩვენს ძველ ისტორიებს – დაწვრილებით. თუმცა მანამდე ნიკოლოზის ამბები უნდა დავასრულო და საგულდაგულოდ შემოვინახო.

I ნაწილი
II ნაწილი

იმდღეს ვფიქრობდი, ჩემი ბლოგი ახალგაზრდა დედის ჩანაწერებად იქცა-მეთქი, ყოველთვის პირადი ხასიათის ბლოგი მქონდა, თავისუფალი, რაზეც მინდებოდა, იმას ვწერდი. არასდროს შემიზღუდავს თავი თემატურად. ახლაც ეს, დედის, ეტაპი მიდგას ცხოვრებაში და მგონია, რომ არცთუ უინტერესოა ამ ყველაფერზე არათუ წერა, კითხვაც. თქვენ რას იტყვით?!

ლამის 5 თვის ნიკოლოზი და ახალი მეგობარი – დრუნჩა.


მეორე დღეს პედიატრი შემოვიდა ჩვენს პალატაში, ვგიჟდები ქერა ბიჭებზეო, ეფერა… სპეციალურ მაგიდაზე გადააწვინა (ოთახშივე გვქონდა) და გასინჯვა დაუწყო. უი, ლურჯი თვალებიც გვქონიაო – ჩემს აჟიტირებას, გაოგნებას, აღფრთოვანებას, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ყველაფერი ხომ ჩავიფიქრე, რა როგორ უნდა ყოფილიყო, ჩავიფიქრე კი არა, ბავშვობიდან ვოცნებობდი. არათაფლისფერი თვალებიც ერთ-ერთი ამ ოცნებათაგანი იყო, ოღონდ მეგონა, რომ ოცნებადვე დამრჩებოდა. ესეც რომ ამიხდა, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაც მთელი გულით გინდა, ყოველთვის (!) და აუცილებლად (!) გამოდის!

საკეისროს შემდეგ ბევრი იარეო, მარიგებდნენ. რომ გათენდა, ვფიქრობდი, რანაირად უნდა ვიარო-მეთქი?! შეუძლებლად მეჩვენებოდა. მაგრამ იმ დღეს ჯერ დათა მოვიდა, ოთახში შემოსვლა არ იყო მიზანშეწონილი და გარეთ, დერეფანში უნდა გავსულიყავი. მერე დედაჩემმა შემოიარა, მერე ისევ დათამ და მომიწია წინ და უკან სიარული. აშკარად იქონია გავლენა. მესამე დღეს, პირველ ორთან შედარებით, დავფრინავდი.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩაჩავას კლინიკის საოცარი სამზარეულო და უგემრიელესი კერძები. კვების საკითხი საათივით ჰქონდათ აწყობილი, წუთით არ დაუგვიანიათ. ყოველდღე სხვადასხვა და მრავალფეროვანი კერძი გვქონდა, რაციონის შესაფერისი. საკეისრო კვეთით ნამშობიარებს პირველი სამი დღე ტკბილიანის არც ჭამა და არც დალევა არ შეგვეძლო, ბოლო სამი დღე – კი. აუცილებლად უნდა ვახსენო სტაფილოს კექსი! გამაოგნებლად გემრიელი იყო. და გუფთის ბურთულები – საუცხოოდ შენელებული. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებო, მეორე ბავშვს იქაური გემოების გამო გავაჩენ ჩაჩავაში. ツ

მეორე დილა – 25 დეკემბერი – საუზმე

რომ გგონია, მიხვალ, გააჩენ, ცოტა ხნით მოგხედავენ, დრო გაფრინდება და წამოხვალ… მთლად ეგრეც არ ყოფილა, ჩემო ძვირფასებო. ის 6 დღე და 5 ღამე იიისე გაიწელა, ისე. თან მესამე დღეს ჩემმა ოთახის მეგობარმა ნათიამ და თომამ მიგვატოვეს, სახლში გავაცილეთ და დავრჩით მე და ნიკოლოზი მარტოები.
მეორე საღამოს ძალიან ცუდ ხასიათზე იყო ქერა-ლურჯთვალა ვაჟბატონი. არ ვიცოდი, რა უნდოდა, როგორ უნდა მოვქცეოდი. ჩემი ჰორმონები ჯერ კიდევ ქაოტურად დაიარებოდნენ ორგანიზმში და ემოციების კონტროლი ძალიან მიჭირდა (ამ ყველაფერზე აუცილებლად მოგიყვებით. მანამდე გახსოვდეთ, რომ მშობიარობის პროცესს გარდაუვლად მოსდევს გაღიზიანების ელემენტები – ზოგთან – მძაფრად, ზოგთან – შედარებით ნაკლებად და ამას გარშემომყოფების მაქსიმალური ხელის შეწყობა სჭირდება! მეორე ნახევრის – მით უმეტეს).
ჩავაწვინე თავის საგორავებელ ეტლში და საბავშვო ოთახში გავიყვანე. მორიგე ექთნები დამხვდნენ. მე ცალკე ვტიროდი, ნიკოლოზი – ცალკე. მხიარულად შეგვხვდნენ, მაგრამ ამ ფაქტს არ გავუღიზიანებივარ. სიცილით მითხრეს, შენ თუ ამის ყველა ტირილზე ასე უნდა მოაღო პირი, წარმომიდგენია, სახლში რა სიტუაცია გექნებათო. ツ მუცელში გამაყუჩებელიც დამარჭეს და ბავშვი დაიტოვეს, წადი, დაიძინეო.

ლია დეიდას კალთაში ყველაზე კომფორტულად გრძნობდა თავს, ასე – მატლივით ❤

დაძინების რა მოგახსენოთ. ერთადერთი, ეეეეერთადერთი მინუსი ჩაჩავას კლინიკის – ახალი საწოლებია. ფეშენებელური, თანამედროვე, პულტით რომ არეგულირებ, რა სიმაღლეზე ასწიო საზურგე და ა.შ., მაგრამ იმაზე ხმელი არაფერი გენახოთ. მთავარი მიზეზი იმისა, რომ იქ ყოფნის დრო ძალიან გამეწელა, ეგ საწოლები იყო (იმ მშობიარეების, ვინც ჩაჩავაში აპირებს ამ ბედნიერი პერიოდის გატარებას, საყურადღებოდ! წაიღეთ რბილი, ფუმფულა პლედები – საწოლზე დასაგებად).

არხეინა 🌞

ბოლო ორ დღემდე მარტოები ვიყავით. ჩემები რომ მოდიოდნენ, გარეთ აღარ გამყავდა ნიკოლოზი, პირდაპირ შემომყავდნენ პალატაში. ერთ დღესაც, სასადილო ოთახში ვარ გასული, სამხარს შევექცევი და ნანაკო და თემო მომადგნენ მოულოდნელად. ისე გამიხარდა, ისე… თავის შესაქცევი ერთი საათი გამომიჩნდა.

როგორ დაჰყურებენ 😂

რაც მეტი დრო გადიოდა, მით უფრო იწელებოდა იქ ყოფნის საათები. გვიან დათა ვიდეოზარით გვირეკავდა და ოდნავ აჩქარებდა დროს. მეგონა, აღარასდროს დადგებოდა 29 დეკემბერი. მაგრამ ახალ წელს სახლში შევხვდებოდით, ამაზე დიდი ბედნიერება რა იყო?!

29-მდე ბევრი არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ 2 ექთანი ცდილობდა ნიკოლოზისთვის რქების მომტვრევას და ბუნებრივი კვების შეჩვევას, 2 – ერთდროულად, მაგრამ მანდ მივხვდი, რომ სიჯიუტისა და პრინციპულობის ბუკეტი დავბადე. ツ

გამოწკეპილი გამოწერეს ჩაჩავას კლინიკიდან ツ

სახლის პირველი დღე ცოტა კოშმარულად მახსენდება. ამოაბარგე, დალაგდი, მიდექი-მოდექი. თან ჭრილობა. თან ნიკოლოზის გამოცვლა, ჭამა, ჩაბანა – ყველაფერი, რასაც იქ ექთნები უკეთებდნენ, უცებ უნდა ამეთვისებინა. ვერ ვიტყვი, გამიჭირდა-მეთქი, მაგრამ სტრესული იყო, სიახლე – ამ ყველაფერს ერთვოდა მონგრეული ემოციები.

სამაგიეროდ, ორ დღეში ახალი წელი დგებოდა. უკვე შედარებით მხრებში გამართული ვახერხებდი სიარულს, თუმცა ღამით ადგომა და დაწოლა მაინც მიჭირდა. დათას არც ერთი წამით არ მივუტოვებივარ, ორივე თანაბრად ვიზიარებდით მშობლის პასუხისმგებლობას (მიმაჩნია, რომ მამა დედას არ უნდა ეხმარებოდეს, ანალოგიურად უნდა მონაწილეობდეს შვილის აღზრდის პროცესში). გამიხარდა, ამ უცხო, ახალ ამპლუაშიც შეხმატკბილებულები რომ აღმოვჩნდით.

31 დეკემბრის საღამო. ნიკოლოზი ინგას დავუტოვეთ და ვარკეთილში წამოვედით. არ მინდოდა, ჩამეგდო ახალი წლის აქ გატარების ტრადიცია.

სამივე მივეჩვიეთ ერთმანეთს – მეც, დათაც და ნიკოლოზიც. მივეჩვიეთ ამ ჭამის მოყვარულ გემრიელ არსებას და ერთად ვიზრდებით დღემდე.

რძით დამთვრალი თვე-ნახევრის ნიკოლოზი ツ

ამ ამბების შემდეგ მეხუთე თვე გადის, მაისიც სრულდება. ნიკოლოზი დიდი ბიჭია, იცის, რა უნდა, როდის და რატომ. სცნობს ირგვლივმყოფებს, უღიმის პირველი დანახვისას. განსაკუთრებით ბებიაჩემი უყვარს, რამდენჯერმეც რომ დაინახოს დღის განმავლობაში, იმდენჯერვე უცინის ხმით. ბებოც გიჟდება ნიკოლოზზე, ძმაკაცები ვართო, – ამბობს ხოლმე.

საოცრად გვეამაყება, რომ ჩვენ, მე და დათას, ამ საოცარი ბიჭის მშობლები გვქვია. ბიჭის, რომელიც ერთ დღესაც სამყაროს აუცილებლად შეცვლის!

Previous post პირველი დღე სამშობიაროში – II ნაწილი
Next post გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს!