იანვარი 21, 2021
მორიგი წერილი – შენთვის! Close up of woman's hands writing in spiral notepad placed on wooden desktop with various items

მორიგი წერილი – შენთვის!

სექტემბერი იწურება ნელ-ნელა. შენთვის მორიგი წერილის მოწერა საჯაროდ გადავწყვიტე. წერილების წერა, ზოგადად, მანამდე დავიწყე, სანამ მხოლოდ გონებაში არსებობდი და ზუსტად ვიცოდი, რომ მალე იქნებოდი ჩემთან. არ დამიხატავხარ ათასგვარი ვიზუალით, ვერც იმას ვაცნობიერებ, როგორი შეიძლება იყო, თუმცა, როგორიც არ უნდა იყო, მაინც ყველანაირი გვეყვარები!
არ მოგატყუებ, რომ საოცარ სამყაროში მოდიხარ. ვერც იმას შეგპირდები, რომ ყველა სურვილი ერთი ხელის მოსმით აგისრულდება – საკუთარი თავის დამკვიდრება დიდი შრომის ფასად მოგიწევს, შენი მისწრაფებების განსახორციელებლად უამრავჯერ წაიქცევი, წამოდგომისასაც საკუთარ ძალას უნდა დაეყრდნო.
ჩვენ შენ გვერდით ვიქნებით, მაგრამ მოვთოკავთ თავს და შენს გადაწყვეტილებებში არასდროს ჩავერევით. ყოველთვის მიგასწავლით იმ გზას, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან იქნება სწორი. თუმცა არასდროს გაიძულებთ, აუცილებლად იმ გზით იარო.
გასწავლით ყველაფერს, რაც რამ გვისწავლია. გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებებსაც. ჩვენი დიალოგები და პოლილოგები საუკეთესო საღამოებს შექმნის. საღამოებს, რომლებიც ყოველთვის თვალწინ დაგიდგება და აუცილებლად დაგეხმარება, თვალსაწიერს გაგიფართოვებს, ჯანსაღად აზროვნების შესაძლებლობას მოგცემს, მიზნებს დაგასახვინებს, ადამიანებს შეგაყვარებს – ყველანაირ ადამიანს – განურჩევლად სქესისა და რასისა, რელიგიისა და მსოფლმხედველობისა!
არ მოგატყუებ, რომ საოცარ სამყაროში მოდიხარ. შენ ირგვლივ ხშირად წააწყდები უსამართლობას, უპასუხისმგებლობას, დანაშაულს, ბოროტებას, ღვარძლს, შურსა და გესლს… ამ ყველაფრის დასამარცხებლად კი მხოლოდ სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, სიყვარული და სიკეთე დაგეხმარება.
ჩემი წერილები ნამდვილად ვერ შეედრება ჩარლის წერილს – თავისი შვილისადმი მიწერილს, მაგრამ, მგონია, რომ აუცილებლად დაგიტოვებს კვალს და ცხოვრებას გაგიადვილებს. შენ კი გაიზრდები ადამიანი, რომელიც სამყაროს აუცილებლად შეცვლის!
გვიყვარხარ, შეხვედრამდე! შენი სალომე და დათა
ენკენისთვის 29, 2018;
შაბათი, 12:04