იანვარი 16, 2021
მე დავბრუნდი!

მე დავბრუნდი!

არ ვიცი, ხალხმა შენიშნა თუ არა, მაგრამ რამდენიმე თვეა, გავქრი. ამ ზაფხულს, როცა ჰოსტინგს პრობლემები შეექმნა და ბლოგის დაკარგვის საშიშროება დადგა, არც კი ვიცოდი, რა შეგრძნება მქონოდა. დიდი ხნის განმავლობაში არაფერი დამეწერა, ვერც აზრებს ვუყრიდი თავს, სიახლის მეტი რა იყო, მაგრამ უბრალოდ ვეღარ ვწერდი. მეორე მხარეს იდგა ნოსტალგია, ამდენწლიანი მოგონებების გაქრობის ნოსტალგია, რომელთა გადარჩენის შესაძლებლობა არ იყო დიდი.

როგორც ხდება ხოლმე, როცა რამე/ვინმე აღარ გაქვს/გყავს, მაშინ აფასებ და მეც ძალიან გამიჭირდა ამ ერთი შეხედვით არაფრისმომცემი გვერდის გაუქმება. მერე თითქოს შევეგუე, მაგრამ საბოლოოდ ვერა – გულს ხინჯად მაინც ჩამრჩა.

ამასობაში სათქმელი დამიგროვდა, მოსაყოლი ამბები გაიზარდა, უამრავი რამ გადამ(გვ)ხდა და დაბრუნება გადავწყვიტე. ისიც გადავწყვიტე, რომ სანამ მე ვიარსებებ, იარსებებს ჩემი ბლოგიც.

ძველი ჩანაწერების აღდგენას აღარ ვაპირებ, 2019 წლის ამბების მოლოდინით დავიწყებ და სათქმელს მივყვები… დავწერ ყველაფერზე, რაც გონებაში მომადგება. გაგიზიარებთ იმ გამოცდილებას, რაც აქამდე დამიგროვდა და პერიოდულად – ყავასთან მისაყოლებელ პოსტებსაც მოგაშველებთ ხოლმე.

მაშ, ასე!

მე დავბრუნდი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *