იზოლაციის მე-13 დღე

იზოლაციის მე-13 დღე

ჩემი ყოველდღიურობა ჩვეულზე ჩვეული გახდა.
დილის 8 საათზე ნახევრად მეღვიძება, იმიტომ, რომ ნიკოლოზს ჰღვიძავს და ზედ გვივლის მე და დათას. ხან საწოლის თავზე ძვრება, ხან ყირაზე დგება, ხან სათამაშოს ითხოვს, რომელიც მოშორებით დევს, ხან სახეზე გვეფერება/გვირტყამს – რა ქნას, შია…

ცალ თვალს ვახელ, ოქროსფერ კულულებს ვხედავ და მოღიმარ სახეს, რომელსაც ჩემი რეაქცია უხარია. ვდგები. ბოთლში წყალს ვასხამ და რძის ფხვნილით საუზმეს ვუმზადებ პატარა ტერორისტს. ბოთლის დანახვაზე წვება, საწოვარას იღებს პირიდან და მოუთმენლობა ეწყება, სანამ პირველ ყლუპს გადასანსლავს.

გამოცარიელებულ ბოთლს ემაიმუნება

დათა სამსახურშია წასასვლელი. ამ ბოლო დროს საუზმობა დაიწყო, ყოველთვის ტოვებდა ხოლმე – პირდაპირ სადილობდა, და ბედნიერმა მოვუმზადე დილის ლანგარი. სანამ დათა საუზმეს შეექცეოდა, რუტინა მოვასწარი. ამ ყველაფრის პარალელურად ახალი ამბებისთვის თვალყურის დევნება ჩვევად მექცა. თეზისების ფეისბუქზე გადმოტანაც – სხვა თუ არაფერი, მომდევნო წლებში თანმიმდევრულად გამახსენებს პროცესებს „მემორი“.

დათას გაცილების შემდეგ ცოტა ხნით ბებოსთან შევდივართ მე და ნიკოლოზი. ყავას ვიდუღებ და თუ მარიკას ვიდეოგაკვეთილი აქვს, მალევე გამოვდივართ ჩვენს სამყოფელში. ნანაკოს, ტრადიციულად, ამ დროს ყოველთვის სძინავს.

უკვე 11 საათია. მულღაზანზარი თვალებს იფშვნეტს. კეფას იფხანს, რაც იმის მანიშნებელია, რომ თავისუფალი 45 წუთი სულ მალე მექნება. თუმცა თავისუფალ წუთებამდე ნახევარი საათია – დაძინების პროცესი. სანამ ნიკოლოზს სძინავს, დაგეგმილი დღის შესრულებას ვიწყებ, რამდენიმე მარტივი საკითხი მაშინვე გვარდება და პირველი „პწიჩკებიც“ ჩნდება დღის დამგეგმავში. ეს მთავარი მოტივაციაა!

დრო მალე გადის, მალევე მოდის ნიკოლოზის მეორე საუზმე და სადილი – შუალედებში კარგად ვთამაშობთ, გუშინ „წეროები მიფრინავენ“ ვასწავლე და ყოველდღე ვხვეწთ თამაშს, ორივე ვერთობით. ნანაკოსთან ერთად ყავაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს! – თურქული, არომატული, ბლანტი ბედნიერება. შუადღით ცოტა უფრო მეტი დრო მაქვს ხოლმე სამუშაოდ.

დღეს ასეთი შუადღე გამოვიდა

საღამოსკენ დათასთან გაგზავნილი კიდევ ერთი ტრადიციული მესიჯი 8 საათამდე: „დღეს იქნები?“ თუ პასუხი დადებითია, ეკრანს ვუსხდებით და ნიკოლოზის „მა მამ მა“-ს ვუსმენ გადაცემის დაწყებამდე. საინფორმაციო გამოშვების მერე ისევ მუშაობის საათები მერთვება, ამჯერად ოჯახის წევრებთან თავშექცეული შვილის ხარჯზე. მოგვიანებით დათაც შინ მოდის და ისევ რუტინა: დასპირტვა, აბაზანა, განიავება…

11 საათის შემდეგ ყველაზე ნაყოფიერი დრო იწყება – მშვიდად, აუღელვებლად მუშაობის დრო. იმ დღით დაგეგმილი ყველა (ან უმეტესობა) პუნქტის შესრულების ტკბილი წუთები.

შეიძლება, არც 23-ე დღე იყოს რამით განსხვავებული, მაგრამ რა იცით, რა ხდება?!

შენ მოხვდი ერთ ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ ბლოგზე, სადაც მოგონებები, ყოველდღიური ამბები და პირადი შეხედულებები ინახება.