გამარჯობა, მე კინოფობი ვარ

„არ გიკბენს, გეთამაშება“, „კუდს გიქიცინებს, ამან რა უნდა დაგიშავოს“, „მოდი, მოეფერე, ნახე, რა საყვარელია!“

ამ პოსტის დაწერა, საბოლოოდ, შიშის წუხანდელმა შეგრძნებამ გადამაწყვეტინა. ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ, მოგიყვეთ თუ არა ჩემ შესახებ ამ თემაზე და ძალიან დიდი ხანია – მინდა კიდეც, მაგრამ მეგონა, რომ ძაღლებისადმი ჩემი დამოკიდებულებების საჯაროდ თხრობა სხვა უარყოფით შეგრძნებებს გამოიწვევდა – ხალხის მხრიდან ჩაგვრის შიშს. მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გამიგებს, იმიტომ, რომ, როგორც დავადგინე, მსოფლიოს მხოლოდ 3%-ია დაავადებული ამ ფობიით, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, მოვყვე.

4-5 წლის ვიყავი, ერთი სართულით ქვემოთ, ჩემს მეზობელთან ჩავდიოდი სათამაშოდ. სადარბაზოს კარი რომ შევაღე, დავინახე, რომ მის გვერდით მაცხოვრებლების ბინის კარი იყო შეღებული… როგორც კი ზღურბლს ფეხი გადავაბიჯე, შავი ძაღლი გამოვარდა (ჯიში არ მახსოვს, თუმცა მაშინ იმდენად შემეშინდა, ჩიხუახუაც კი გოლიათად მომეჩვენებოდა) და ღრენით, ყეფით გამომიდგა. მეცხრე სართულიდან პირველამდე კივილითა და თავქუდმოგლეჯით ჩავრბოდი, ძაღლი კი ფეხდაფეხ მომდევდა და მიყეფდა. საბედნიეროდ, პატრონიც მოგვდევდა, თურმე, უკან და სანამ ჩემს კბენას მოასწრებდა, დაიჭირა.

ამ დღის შემდეგ მე კინოფობი ვარ.

5 მეტრის რადიუსში მყოფი ცხოველის დანახვისასაც კი მუხლებში სიცარიელე მიდგება, კიდურები მიბუჟდება და მუცლის ღრუში ყრუ წვას ვგრძნობ. როგორც კი მოახლოებას იწყებს – პანიკის შეტევა მეწყება. სამწუხაროდ, ამ დროს ვერ მამშვიდებს ვერავინ, საკუთარი ქმარიც კი.

ხშირად და ყველას გვსმენია ფრაზები: „არ გიკბენს, გეთამაშება“, „კუდს გიქიცინებს, ამან რა უნდა დაგიშავოს“, „მოდი, მოეფერე, ნახე, რა საყვარელია!“ მაგრამ ძაღლებისადმი ნდობის განცდა ნულს ქვემოთ მიფიქსირდება. შეიძლება, არსებობდეს კიდეც რეცეპტი, რომლითაც ამ პრობლემას ოდნავ გამოვასწორებ – მეთვითონ თუ მეყოლება პატარა ლეკვი, რომელსაც გავზრდი და ჩემით ვუმკურნალებ საკუთარ თავს, მაგრამ ამაზეც მაქვს პასუხი – არის დედამიწის ზურგზე რამდენიმე ძაღლი, რომელთაც შევხებივარ კიდევაც, დავლაპარაკებივარ, გამიცინია კიდეც, მაგრამ ჩემი შეგრძნებების ზემოაღნიშნულ ჩამონათვალს მაინც ვერ ვიქრობ.

წუხელ სასწავლო ცენტრიდან სახლში გვიან დავბრუნდი. ტაქსიდან რომ გადმოვედი, ჩემი ქუჩა კარგად განათებული არ იყო, თუმცა კორპუსის შესასვლელს ვხედავდი. შორიდანვე შევნიშნე ასასვლელ კიბესა და სადარბაზოს ფოიეში როგორ დაძრწოდა წრეზე 5 უზარმაზარი ძაღლი (თოთოეული თეძომდე სიმაღლის იქნებოდა), როგორ გაშეშდნენ ჩემი პარკის გაჭრაჭუნებისას და დაცქვიტეს ყურები. ორი ჩემკენ გამოემართა სწრაფად (ვიცი, რომ მაგ დროს არ უნდა გავიქცე, გმადლობთ!) და მეც ოდნავ მოშორებით, ჩვენი მეზობლის ჯიხურისკენ ავიღე გეზი. ერთი-ორი დამიყეფეს, მაგრამ მე უკვე ჯიხურში ვიყავი. მერე დავინახე, რომ ხროვად დაირაზმნენ და ქუჩას აუყვნენ ძუნძულით.

მთელი არსებით მინდა, ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ისეთი დაწესებულება, სადაც ქუჩის ძაღლებს მოუყრის თავს, მოუვლის, გამოკვებავს, გაართობს… უკეთეს პირობებს შეუქმნის, ვიდრე ქუჩაში ნაგვის ბუნკერში ქექვაა.

ისიც ვიცი, გამოხტება საზოგადოების გარკვეული ნაწილი და გამკიცხავს:

  • ხალხია მშიერი, რა ძაღლების თავშესაფარი მოიგონეო;
  • ცხოველთა უფლებებს რატომ ზღუდავო?
  • შენს ფობიებს შენვე მოერიეო;

მაგრამ რა გინდა, რომ ქნა. გამოსავალი არაი.

Previous post წყალი გამოუშვით, ფარჩაკებო! – ანუ 31 დეკემბრის ამბები
Next post შინ ყოფნა ცუდი არ არის