იანვარი 16, 2021
და თქვენი საყვრელი წიგნი რომელია?!

და თქვენი საყვრელი წიგნი რომელია?!

კარგი და ცუდი წიგნი არ არსებობს, არსებობს კარგი და ცუდი მკითხველიო, – ხომ გაგიგიათ? მთლად ასეც არაა, ჩემო ბატონებო. მკითხველსაც არაფერი ბრალი აქვს ამ შემთხვევაში. ყველაფრის თავი და თავი დროა. მგონია, რომ წიგნი თავს მაშინ შეგაყვარებს, თუ სწორ დროსა და ასაკს შეარჩევ. თუმცა შერჩევაც არ ეთქმის, უბრალოდ ასე უნდა გამოგივიდეს.

ბევრი წიგნი წაგიკითხავსო? – მეკითხებიან ხოლმე. ვერც ბევრი წიგნის წაკითხვას მოახერხებს ვინმე, ზოგს ათიც ებევრება, მაგრამ ზოგს – ხუთასიც არ ჰყოფნის. ამიტომ, ალბათ, იმდენი არ წამიკითხავს, ჩემთვის ყველაზე ძვირფას წიგნზე მეტად რომ მომწონებოდეს რამე.

მე-12 კლასში ვიყავი. ის პერიოდი იყო, ყველა საგნის საატესტატო გამოცდა ერთად რომ უნდა ჩაგვებარებინა. მე, ჰუმანიტარ ადამიანს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნიკური საგნების ზღვა მასალა მეყარა თავზე. საახალწლო არდადეგებზე კი, რომელიც ბედკრული აბიტურიენტებისათვის დაახლოებით 4 დღეს გრძელდებოდა, მინდოდა, ქიმიასა და მათემატიკას (არა მხოლოდ) გავქცეოდი და თაროზე წიგნის ძებნას შევუდექი. მუქმწვანეყდიანი, მოზრდილტანიანი რაღაც შევარჩიე და დავხედე – გურამ დოჩანაშვილი – „სამოსელი პირველი“.

ზოგადად, მრავალი ინტერესის ადამიანთან ერთად გვიწევს ცხოვრება – ახლა ზოგისთვის უსაყვარლესი წიგნი დავასახელე; ზოგს წინ აქვს მისი კითხვის ბედნიერება (როგორც თავად ავტორი იტყოდა); ზოგს შევებრალე კიდეც, ამაზე კარგი როგორ არაფერი წაუკითხავსო; ზოგს ჰგონია, რომ მეორე ტომიც აქვს ზემოაღნიშნულ რომანს; ზოგი კი, ალბათ, ფიქრობს, წლების წინ შუა ვაკეში გამოჭიმული მაღაზიის სახელი რამ დაარქმევინა ამ კაცს წიგნისთვისო.

ვკითხულობდი მაშინ და ვხვებოდი, რომ ასეთი იქამდე არაფერი განმიცდია, გაოგნებისა და სიამოვნების, აღფრთოვანებისა და გაგიჟების კორიანტელი დამეფრქვა თავზე, როცა გავიგე, ალექსანდროს ძმა ვინ იყო… როცა ლამაზქალაქი, კამორა და კანუდოსი მოვიარე, პირველივე წაკითხვაზე ბოლომდე ვერ ჩავწვდი სიმბოლოებით თხრობის ხელოვნებას, მაგრამ ესეც მიხაროდა, ყოველ მომდევნო ჯერზე, როცა თავიდან ვუბრუნდებოდი ხოლმე ეპიზოდებს, ახალ დეტალს ვპოულობდი ტექსტიდან.

ეს არის წიგნთაგან ის იშვიათთაგანი, რომელსაც ნებისმიერ გვერდზე გადაშლი და ამბავი იქიდან იწყება. ეს არის წიგნი, რომლის ეპიზოდებიდან (თუნდაც „ბალახისფერი კაცისა“ ან „ავაზაკების გადარჩენის“) ბევრ ცხოვრებისეულ საკითხზე ფიქრობენ ჩემი მოსწავლეები. ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგაც, თითქმის ყოველი ძილის წინ, ვეძებ ხოლმე შავ ლაქას ჭერზე.

არ მინდა, ბევრ ისეთ ნიუანსს მოვყვე, რომელიც ჩემი ბლოგის მკითხველის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის იქნება სასიამოვნო. ამიტომ გადავალ უმთავრეს ამბავზე – პირველ კურსზე ვიყავი, თსუ-ის მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზში გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა რომ დააანონსეს. დაუფიქრებლად გავვარდი ღონისძიებაზე. ზღვა ხალხი იყო, ვიიიწრო კორიდორი გავუკეთეთ გურამს მსმენელებმა, დარბაზამდე რომ მიეღწია. ისე აღმოჩნდა, რომ ზუსტად ჩემ წინ ჩაიარა და თანაც როგორ ჩაიარა – ის უძირო თვალები მომანათა პირდაპირ. ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და შორიდან ვუსმენდი მის დინჯ, მშვიდ ხმას დარბაზში. დავიფიცე, რომ აუცილებლად ვნახავდი ისევ!

გავიდა ხანი. ნანაკომაც ჩემსავით შეიყვარა ეს ნაწარმოები. ყოველი სეზონის დასაწყისს წიგნის ფრაზებით ვეგებებით ხოლმე: „გაზაფხულის თამაშები იწყება“, „შემოდგომის თამაშები დაიწყო“. ხშირად მიგვიწერია ერთმანეთისთვის, რომ ახლა „ღამის 12 საათია და ყველაფერი გენიალურადაა!“ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ „აზროვნების აკადემიას“ ესტუმრება გურამ დოჩანაშვილი! რა თქმა უნდა, სასწრაფოდ დავჯავშნეთ დასასწრები ადგილები. უბედნიერესები ვიყავით ორივე.

23 ოქტომბერს თავის კანუდოსურ მზერას კიდევ ერთხელ მოგვაპყრობს, ოღონდ უკვე მე და ნანაკოს და კიდევ ერთხელ ვიტყვი სიამაყით, რომ რასაც გულით ჩაუთქვამ, აუცილებლად ხდება!