იანვარი 16, 2021
ცივი ყავა და მშობიარობის ამბები – I

ცივი ყავა და მშობიარობის ამბები – I

ავდექი, გვერდით მოვიდგი ცივი ყავა და თქვენთან საჭორაოდ შემოვედი. კომპიუტერთან ყოფნა თავისუფალ დროს, მაშინ, როცა ნიკოლოზს სძინავს, განტვირთვის კარგი საშუალებაა. ახლაც უსაქმურობის ცოტაოდენი დრო მიდგას და ძალიან მომინდა, ძველი ამბები ჩემს დღიურში ჩამებეჭდა.

დღეს 26 წლის გავხდი, არადა თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ისე გაფრინდა იანვარი, მერე თებერვალი… მარტი… აპრილი და აგერ უკვე 4 თვისა და ზუსტად 2 კვირის დედა ვარ. ჯერ ისევ შევცბები ხოლმე ამ ყველაფერზე, მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზს ხშირად ვეფერები „დედა, დედიკოთი“, მაინც უცნაურია. მოდით, ყველაფრის მოყოლას თავიდან დავიწყებ…

23 დეკემბერს, ბოლო გაკვეთილები რომ ჩავატარე, სახლში წავედი და ნივთების ჩალაგების პარალელურად, მოსწავლეებისათვის მომდევნო 1 კვირის ტესტებიც გავამზადე, ჩემს არყოფნაში რომ უქმად არ ყოფილიყვნენ. შეიძლება, არანორმალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვერ აღვიქვამდი შვილის გაჩენას „საპატიო“ გაცდენის მიზეზად. მინდოდა, ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო.

იმ ღამეს თითქმის არ მძინებია. მაგ დროს გავაცნობიერე, მგონი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ხან იმაზე ვფიქრობდი, რომ მუცლიდან ბაგუნს ვეღარ გავიგონებდი, ხან – როგორი იქნებოდა ნიკოლოზი, მაგაზე მეფიქრებოდა. ხან – რა პროცესი იქნებოდა ეს საკეისრო კვეთა, მაგაზე. მანამდე კი გამოვიკითხე წვრილ-წვრილად, ვისგანაც შემეძლო, რა შეგრძნებები იყო, მაგრამ ყველაფერი ხომ მაინც ინდივიდუალურია…

დილით ადრიანად ავდექი, საბოლოო ნივთები წამოვკრიფე, ზურგჩანთაში ჩავაწყე. მე და დათა გავედით ჩაჩავასკენ, ცოტა ხანში დათას მშობლები და დაჩი წამოვიდოდნენ. დიდი თავყრილობა იგეგმებოდა ჩაჩავას ეზოში, მართალია, მე ვიყავი მთავარი როლის შემსრულებელი, მაგრამ ძალიან მშურდა, ქვემოთ გაერთობით და მე მარტო უნდა ვიყო-მეთქი.

ფორმალური პროცედურების შემდეგ, ძალიან ცქვიტი ექთანი ამომყვა ზევით, სამშობიარო სართულზე. გზაში ისე გამამხნევა, მაშინ მივხვდი, თურმე, ვნერვიულობდი… კვეთამდე ვიღაცის საკეისრო გაგრძელდა. მარტო ვიჯექი ოთახში. ერთ ქალს ვთხოვე, იქნებ ჩემს მეუღლეს გადასცეთ, რომ ამოვიდეს, მარტო რომ არ ვიყო ოპერაციამდე-მეთქი. იმას ამბავი ჩაუტანია, სალომეს უნდა, რომ მშობიარობისას ბლოკში შეჰყვეთო (შეთანხმებულები ვიყავით, რომ არ უნდა შემომყოლოდა). დათა დიდ გაუგებრობაში ჩავარდნილა, ხო შევთანხმდით, რატომ გადაიფიქრაო?! მე ამბავი ამომიტანეს, რომ შენს ქმარს შენთან ამოსვლა არ უნდაო და კინაღამ ჩაჩავას სამშობიარო პერსონალმა იზრუნა ჩვენს პირველ უთანხმოებაზე. ツ 45 წუთი ვიჯექი მარტო, უტელეფონოდ.

ბოლოს, როგორც იქნა, დადგა ჩემი ჯერიც. ბლოკში მაღალ მაგიდაზე დამსვეს და დაიწყეს ზურგში სპინალურის გაკეთება (როგორც მე მაინტერესებდა დეტალები ამ პროცესებზე, შესაძლოა, ერთი ადამიანი მაინც კითხულობდეს ახლა ამ ყველაფერს საკეისროს მოლოდინით და ვეცდები, ცოტა დაწვრილებით მოვყვე). მოგვიანებით გავიგე, რომ უზარმაზარი ნემსია, თუმცა ეს მანამდე რომ მცოდნოდა, შეიძლებოდა, უფრო მენერვიულა. წარბის მოწესრიგება უფრო რთული და მტკივნეული საქმეა, ვიდრე – სპინალური. ოდნავი ბწკენის შემდეგ მომენტალურად დამითბა და დამიბუჟდა ფეხები.

ამასობაში დაწოლაში მომეხმარნენ, ცალ ხელზე, კათეტერში წვეთოვანი შეაერთეს, მეორე ხელზე წნევის ელექტრო აპარატი მომარგეს და ვიწექი ასე, ჯვარცმული. რამდენიმე წუთში ბატონი ზურა დარახველიძის ხმაც მომესმა ოთახში. ცოტა დავმშვიდდი. მართლაც, რთულია, უყურო ამ კაცს და ვერ დამშვიდდე, სათნოების განსახიერებაა. მკერდთან “ფარდა” ჩამომაფარეს და ჩემი ცხოვრების მთავარი სპექტაკლიც დაიწყო.

მუცელზე ოდნავი მგრძნობელობა მქონდა. არავინ მოგატყუოთ, რომ ვერაფერს გაიგებთ. იგრძნობა, როგორ მუშაობენ, თუმცა ტკივილის შეგრძნება არის 0-ს ქვემოთ. თავთან ორი ქალი მედგა, ერთი წვეთოვანს მისწორებდა, მეორე – მამხნევებდა. წამიერად მცირე ბიძგები ვიგრძენი, მეგონა, ჯერ კიდევ მუცელს ამუშავებდნენ ან სპირტით, ან სპეციალური ხსნარით და ამ ქალებს ვეუბნები, რომ დაიწყება უშუალოდ დაბადების პროცესი, იქნებ მითხრა-მეთქი… კი, კიო… წინადადება არ მქონდა 5 წამის დამთავრებული, რომ ამ ფარდის მეორე მხრიდან პატარა, ლოყებიანმა და ოდნავ სასაცილო ბავშვმა გადმოყო თავი…

I ნაწილის დასასრული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *