ძალიან ხშირად მინატრია, ისევ ის დრო იყოს, მე და დათა დილით რომ გავიდოდით ხოლმე სახლებიდან… შევხვდებოდეთ ერთმანეთს მეტროს რომელიმე სადგურზე, რუსთაველზე ან თავისუფლებაზე, ფეხით ან ავტობუსით ავუყვებოდეთ გზას ჭავჭავაძისკენ, ვიყიდიდეთ ყავას ელა დეიდას საგაზეთო ჯიხურში თსუ-ის მეორე კორპუსის წინ, შევისეირნებდეთ უნივერსიტეტის შიდა, სკამებიან ეზოში და გავაბამდეთ საუბარს დღევანდელობაზე. რამდენჯერ გვიფიქრია და გვისაუბრია, რას გავაკეთებდით ხუთი წლის შემდეგ და როგორ ვიცხოვრებდით. თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა, გარდა იმისა, რომ დასვენების დღე, ერთად ყოფნის დრო სანატრელი არ გაგვხდომოდა.

ძალიან ხშირად მინატრია, ერთმანეთის ლექციებზე შესვლის დრო გვქონდეს ისევ. ლექციებიდან გამოსულები ბიბლიოთეკისკენ გავეშუროთ, ავიღოთ დასტა წიგნები და ვაკონსპექტოთ საინტერესო და უინტერესო ლექციები სასემინაროდ. და როოდის, როდის, სანამ რომელიმე თანამშრომელი არ დაგვიძახებდეს, ვიკეტებით, წიგნები დააბრუნეთო, ვიცხოვროთ ისევ იქაურობით…

ჩვენს მაშინდელ წარმოდგენებში არასდროს გვიოცნებია დღეის ასეთ რეჟიმზე. საღამოობით, მეტროში, ჩვენ ჩვენი მატარებლების მოლოდინში, რამდენჯერ გვიფიქრია, როდის იქნება, ერთი მიმართულებით წავიდეთ და დღის ბოლოს აღარ დავიშალოთო. დღეს პირიქითაა, ძირითადად მხოლოდ საღამოობით… არა, ღამით ვხვდებით ერთმანეთს, ან პირდაპირ დილით – თუ მე იმდენად დაღლილი ვარ, რომ დათას მოლოდინში ნიკოლოზთან ერთად მიმეძინა.

ხვალ ორშაბათია. დათას დასვენების ხუთშაბათმა დროებით ხვალინდელ დღეს გადმოინაცვლა. მართალია, მე დღის ბოლოს ვმუშაობ, მაგრამ სულ არაფერს, ასე მაინც სჯობს.

დღეს მოსწავლეებს ვუყვებოდი, ერთი ასეთი აპლიკაციაა, საკუთარ თავს მომავალში წერილს სწერ-მეთქი. 5 წლის შემდეგ, 32 წლის სალომეს მივწერდი წერილს სიამოვნებით. ვუსურვებდი, რომ კვირის 7 დღიდან მინიმუმ 2 სრულ დღეს მაინც ატარებდეს საყვარელ ადამიანთან (და არა -ებთან!) ერთად და იბრძოლოს ყველა ნატვრის ბოლო “ამოსუნთქვამდე” განხორციელებისთვის!

Previous post წლისა და 10 თვის ტრიო