წყალი გამოუშვით, ფარჩაკებო! – ანუ 31 დეკემბრის ამბები

წყალი გამოუშვით, ფარჩაკებო! – ანუ 31 დეკემბრის ამბები

შარშან, „აკვანთან“ დაბმულს, ჰორმონებაშლილსა და მუცელში ყრუ ტკივილის მქონეს, მეგონა, რომ ყველაზე მოსაწყენი ახალი წელი მქონდა – მიუხედავად ნიკოლოზის ამქვეყნად მოვნილებისა.

წელსაც არ აკლებს მოწყენილობა – სურდოთი გაბრუებული ვწერ ამ დღის ამბავს და თან შიში მიპყრობს, ისევ არ აეწიოს სიცხე ნიკოლოზს. ამავდროულად, იმაზე ვდარდობ, ნეტა მოუსწრებს 12 საათს დათა სახლში, რომ ვუყურებდე მაინც ახალი წლის მოსვლის მომენტში.
ვხვდები, რა უნდა გავაკეთო მომავალში, რომ ეს დღე, რომელიც მართლა ძალიან მიყვარს, დიდ დღესასწაულად იქცეს ჩემთვის, დათასთვის და ჩვენი შვილ(ებ)ისთვის. ისეთ დღესასწაულად, მართლა მთელი წელი რომ გვექნება ხოლმე მოლოდინი, როდის მოვა ახალი წელიო…

„ჩემი ცოლის დაქალების“ ვაკელებივით კი გამომდის, მაგრამ შემოდგომის ჩვენი ახალი წელი ასე საყოველთაო ზეიმად ვერასდროს/არასდროს იქცევა. ეს კიდევ სხვა სანახაობაა, სხვანაირი სიბრჭყვიალე და ჯადოსნურობა. (მგონია, რომ ადამიანები თუ არ მისცემენ საკუთარ თავებს ბედნიერების უფლებას, სხვა ამას არასდროს გააკეთებს მათთვის!)

2019 წლის ბოლო დღეა, 31 დეკემბერი.
ნიკოლოზს სძინავს.
დათა სამსახურშია.
კობა – საყიდლებზე.
მარიკა და ბებო – ვახშმის სამზადისში არიან.
ოჯახის სხვა წევრები ჩვენთან სტუმრიანობისგან ვირუსების გამო „დავითხოვე“.
ნაძვის ხე ჯერ არ დამიდგამს, მოვასწრებ 12-მდე.
საახალწლო მუსიკის ჩართვა მინდა, მაგრამ თავი მტკივა სურდოსგან.
გარეთ შემოდგომის სუსხიანი ამინდია, ნოემბერში რომ იცის, ისეთი.
დათამ სუნამო მაჩუქა და სურნელსაც კი ვერ ვგრძნობ…

31 დეკემბერია.
პირველი უნდა გათენდეს.
2020 წლის პირველი დღე.
სიახლეების მოლოდინი ნამდვილად მაქვს – თავად მოვიყვან სიახლეებს ჩემს ცხოვრებაში.
2019 წელიც საინტერესო იყო. თვეებით ამბების მოყოლას არ დავიწყებ. ბევრი რამ მოხდა. ადამიანები უკეთ გავიცანით მე და დათამ. ორივეს დაგვიგროვდა საინტერესო გამოცდილებანი. ავადმყოფობებიც ამ წელში დავტოვეთ. ბევრი რამ გამოგვივიდა, მაგრამ კიდევ უფრო ბევრი გამოგვივა. ჩვენ ასე გვინდა და მორჩა. მაგრამ ყველაზე მთავარი, იცით, რა არის?!

31 დეკემბერია.
წყალი არ არის.
ვერ ჩამევიტანეთ.

შენ მოხვდი ერთ ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ ბლოგზე, სადაც მოგონებები, ყოველდღიური ამბები და პირადი შეხედულებები ინახება.