ჩემი, შენი, ჩვენი – დღე!

ჩემი, შენი, ჩვენი – დღე!

10 იანვარი დაიწყება მალე. დღე, რომელიც 365 დღეში, ფაქტობრივად, ყველაზე მეტად მიყვარს. დღე, როდესაც შენ დაიბადე.

ისე გავიდა იანვრის ეს ათი დღე, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით – ისე მოგვეპარა შენი კიდევ ერთი დაბადების დღე. 2018 წელი არც შემიჯამებია ჯერ, მაგრამ ვხვდები, რომ ნიკოლოზზე დიდი „პროექტი“ არც ჩაგვიდენია. ამიტომაც თამამად ვწერ ამ პოსტს – წელს პირველს.

შარშან ამ დროს საწოლზე ვიჯექი, ხელში ლეპტოპი მეჭირა და სიტყვებს ვუყრიდი თავს, გონებაში ვალაგებდი, ლამაზად რომ მომელოცა. წელს სკამზე ნახევრად ვარ ჩამომჯდარი, კლავიატურა ცხვირწინ მიდევს და ცალი ყური მაქვს დაცქვეტილი, გვერდითა ოთახიდან ტირილის ხმა რომ არ შემომესმას. გაგეღიმება ახლა, ვიცი. ვერც ვაცნობიერებთ, ისე რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ სიყვარული ისევ ისეთი პროგრესიით იზრდება, როგორც აქამდე. შეიძლება, ცოტა მეტადაც.

დათა, ჩემო ნაპოვნო ბედნიერებავ, ჩემო საყრდენო და სიმშვიდევ, დაბადების დღეს გილოცავ! მინდა, რომ ეს წელი ათასმაგად უფრო ბედნიერი, წარმატებული, ბარაქიანი, სიკეთითა და სიყვარულით იყოს გაჟღენთილი, ვიდრე წინა. როგორც წინა იყო იმის წინაზე ნაყოფიერი.

ხშირად მითქვამს ეს სიტყვა შენთვის, მაგრამ ახლა სხვანაირად წაიკითხავ, უფრო ამაღლებულად, ვიდრე აქამდე. იგრძნობ, რომ მთელ გულს ვაქსოვ და ისე გეუბნები: ძალიან, ძალიან მიყვარხარ!!!

შენ მოხვდი ერთ ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ ბლოგზე, სადაც მოგონებები, ყოველდღიური ამბები და პირადი შეხედულებები ინახება.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *