იანვარი 16, 2021
დილის პოსტი რაღაცებზე

დილის პოსტი რაღაცებზე

არის რაღაცები, რაც არასდროს იცვლება.
მაგალითად, ის, რომ სუსხშეპარული ზაფხული ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ეს პერიოდი დათას გაცნობის სეზონს უახლოვდება. აი, იმ სეზონს, ჩვენთვის რომ ახალი წელია და ყოველ წელს სექტემბრიდან ვიწყებთ ათვლას.
არ იცვლება ის, რომ ამ პერიოდში წიგნის კითხვა ყველაზე მეტად მიყვარს, არავინ მაჩქარებს, მეც არსად მეჩქარება. სიმშვიდის, დასვენებისა და გონების განახლების დრო დამიდგება ხოლმე.

არც ტრადიციები იცვლება ჩვენთან. წუხელ ბებოსკენ რომ გავედი, დედა ტრიალებდა და სამზარეულოდან გემრიელი, გამომცხვარი კრუასანების სურნელი იფრქვეოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თემოს დაბადების დღე უნდა გათენდეს.

არ მიყვარს ცვლილებები. ასე მგონია, დიდი ხნის ნაშენებ, წვალებით გამთბარ ბუდეს მომირღვევენ ხოლმე, როცა რამე იცვლება. თუმცა მაინც მალევე ვეგუები.
არ ვიცი, ახლა რატომ მომინდა აზრების რახარუხა პოსტის დაწერა, მაგრამ ხანდახან ფეისბუქი არ ქმნის იმ განწყობას, რასაც ახალი ფანჯარა და გამოსაქვეყნებელი პოსტის ცარიელი გრაფა ქმნის ხოლმე.

ხანდახან მართლა გულით მინდა ძველი კანარიოს დაბრუნება. რომ შემოვარდებოდა ბლოგზე და წინასწარ დაუგეგმავად გამოაცხობდა ხოლმე ახალ–ახალ პოსტს. დაუფიქრებლად გადააზიარებდა ბლოგერების ჯგუფებში და კმაყოფილი იყო.

აი, რა იცვლება, თურმე, ცხოვრებაში – ებრძვი, მაგრამ გაზრდასთან ერთად მოდის შენდაუნებური სერიოზულობაც.