გვიანი საღამო. სახლში დაღლილი ბრუნდები. დათაც სამსახურშია, გამთენიისას მოვა. საწოლზე წვები და გვერდიდან საოცარი სურნელი იფრქვევა – სძინავს მწყერჩიტას.

განვლილ დღეზე ფიქრობ. ბავშვთა დღეს პირველად რომ შეხვდა ნიკოლოზი, მაგაზე. შარშან ამ დროს არაფერს რომ წარმოადგენდა და დღეს თავისი პოზიციები რომ აქვს რიგ შემთხვევაში, მაგაზეც რომ ფიქრდები…

მერე გახსენდება, დღეს რა მოიმოქმედა – თავად რომ “ისადილა”, მე და კობა მივუსხედით მერე მაგიდას. ნიკოლოზი მარიკას ეჭირა. პირველად უყურა, სხვა როგორ ჭამს და პირის წკლაპუნი დაიწყო.

ეგ “დიდური” ქცევა არ იკმარა და პირველად გამომეტირა. აი, მაგას კი ნაღდად არ ველოდით! ტრადიციულად, სახლიდან გასვლის წინ, დასამშვიდობებლად რომ მივუტრიალდი, გავეთამაშე. იცინოდა. ბოლოს, “წავედი, დე”-ზე სიცილი ტირილში გადაეზარდა… მე და კობას გვეგონა, დაემთხვა. კიდევ ვუთხარი და ისევ იგივე გააკეთა.

რომ დავბრუნდი, უკვე ეძინა. ძირითადად, ასე ხდება ხოლმე, სამწუხაროდ. სამაგიეროდ, აგვისტოსა და სექტემბერში ჩემი მთელი დრო მხოლოდ მის განკარგულებაში რომ იქნება – ეს ფაქტი ცოტა მამშვიდებს.

მანამდე კი, ჩვენი პატარა ოჯახის სახელით, ბავშვთა დაცვის დღე უნდა მოგილოცოთ და გირჩიოთ:

  • არასდროს აიძულოთ ბავშვს, ის გააკეთოს, რაც არ უნდა. მით უმეტეს – ახსნის გარეშე!
  • არასდროს დაუყვიროთ და შეეხოთ ხელით!
  • არასდროს დასაჯოთ ბავშვი სადისტური მანქანებით/ფიზიკურად – დაფიქრდით და მიხვდებით, რომ დასჯის ყოველი მომენტი თქვენს მეხსიერებაში ბავშვობიდან ცოცხლობს!

Previous post ნიკოლოზი მაშინ და დღეს – III ნაწილი
Next post როგორ იძინებს ნიკოლოზი – ორი სიტყვა „თეთრი ხმაურის“ შესახებ